ალექსანდრე გინდინი

წარმოშობით მოსკოვიდან, ალექსანდრე გინდინს მსოფლიო საფორტეპიანო სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 17 წლის ასაკში ის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა, ხოლო 2007 წელს კლივლენდის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე I პრემია მოიპოვა.

ალექსანდრე გინდინი თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო ორკეტრებთან და თანამედროვეობის ისეთ გამორჩეულ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ვლადიმერ აშკენაზი, ვლადიმერ ფედოსეევი, ალან გილბერტი, პაავო იარვი და მრავალი სხვა. იგი რეგულარულად აძლევს კონცერტებს საუკეთესო დარბაზებში, რომელთაგან აღსანიშნავია კარნეგი ჰოლი, ზენკელ ჰოლი, ავერი ფიშერ ჰოლი და ლინკოლნის ცენტრი ნიუ იორკში, ჯონ კენედის ცენტრი ვაშინგტონში, კონცერტგებაუ ამსტერდამში, სუმიდა ტრიფონი ჰოლი ტოკიოში და სხვა.

2006 წლიდან ალექსანდრე გინდინი მოსკოვში საკუთარი საკონცერტო სერიების სამხატვრო ხელმძღვანელია. ის, აგრეთვე, არის შვედეთის სამეფო ფესტივალის საერთაშორისო სამხატვრო თანადირექტორი და კალუგის ახალგაზრდული ორკესტრისა და ერმიტაჟის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი. 2006 წელს ალექსანდრე გინდინს რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.