კონკურსის შესახებ

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი 2015 წელს დაარსდა. იგი ატარებს ღვაწლმოსილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის სახელს. კონკურსის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი. პირველი ორი კონკურსი ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, მაგრამ კონკურსის მიმართ უდიდესმა ინტერესმა და მონაწილეთა უხვმა რაოდენობამ განაპირობა კონკურსისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება. წლების განმავლობაში კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ლიანა ისაკაძე, ალექსანდრე კორსანტია, სერგეი ბაბაიანი, ედიშერ სავიცკი, ვალერიან შიუკაშვილი, ნოდარ ჟვანია და მივა ჰოიანო. კონკურსი ტარდება 4 ასაკობრივ კატეგორიაში. მასში მონაწილეობის მიღება 6-დან 25 წლის ასაკის ჩათვლით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. კონკურსზე სოლიდური ფულადი პრემიების გარდა დაწესებულია სხვადასხვა სპეციალური პრიზი. კონკურსის მხარდამჭერები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სასტუმრო „Crowne Plaza”.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ჩემთვის, რადგან იგი ეძღვნება ჩემი პედაგოგის, გენიალური მუსიკოსის სახელს, რომლის დამსახურება ქართული პიანისტური სკოლის წინაშე უდიდესია, რომელმაც გარკვეულწილად შექმნა ქართული პიანისტური სკოლის ის მიმართულება, რომელმაც ქართული საშემსრულებლო ხელოვნების სახელი დიდ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა. უსაზღვროა თენგიზ ამირეჯიბის მიმართ საზოგადოების სიყვარული და მოწიწება. ძალიან მიხარია, რომ კონკურსი ტარდება სწორედ ბორჯომში-საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში,რომელსაც დიდი მუსიკალური ტრადიციები გააჩნია. იმედი მაქვს, კონკურსის მასშტაბი ყოველწლიურად გაიზრდება და ღირსეულ ადგილს დაიკავებს მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსებს შორის.
თამარ ლიჩელი
კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი