თენგიზ ამირეჯიბი

განუზომელია ცნობილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის თენგიზ ამირეჯიბის დამსახურება ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის გამგის, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, საქართველოს სახალხო არტისტის – თენგიზ ამირეჯიბის მოღვაწეობა გამორჩეული იყო როგორც საშემსრულებლო ხელოვნებით, ასევე პედაგოგიური მოღვაწეობით. მისი პიანიზმი გამოირჩეოდა განსაკუთრებულად დახვეწილი გემოვნებით, სისადავითა და სიღრმით. იგი აღიარებული იყო შოპენის ნაწარმოებების ერთ–ერთ საუკეთესო შემსრულებლად, ამასთანავე, თ. ამირეჯიბი, მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ეწეოდა ეროვნული საფორტეპიანო მუსიკის პოპულარიზაციას. იყო არაერთი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. იშვიათია მუსიკოსი, რომელმაც საშემსრულებლო ხელოვნებასთან ერთად შეძლო პედაგოგიური მოღვაწეობის ასეთ მაღალ საფეხურზე აყვანა. თენგიზ ამირეჯიბს აღზრდილი ჰყავს თაობები, მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, პიანისტები, რომელთაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანეს.მის მოსწავლეებს შორის არიან: ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ელისო ბოლქვაძე, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე და სხვები. სწორედ მისი შემოქმედებითი გზის ძირითად იდეას უკავშირდება ბორჯომის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის დაარსება – სტიმული მისცეს და გზა გაუკაფოს მუსიკოსთა უნიჭიერეს ახალგაზრდა თაობას.

თენგიზ ამირეჯიბი Youtube-ზე
თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი დაიბადა 1927 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე. 1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასი) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა (პროფ. ანა თულაშვილის ხელმღვანელობით). თ.ამირეჯიბი ეწეოდა ნაყოფიერ არტისტულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. კონცერტებით გამოდიოდა რუსეთში, გერმანიაში, კანადაში, პოლონეთში, იოგოსლავიაში, აშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს შოპენის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად ჩანს პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება. მნიშვნელოვანია თენგიზ ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიაშიც-იგი არაერთი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. თენგი ამირეჯიბი გარდაიცვალა 2013 წლის 9 მარტს ქ.თბილისში.