თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი დაიბადა 1927 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე.
1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასი) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა (პროფ. ანა თულაშვილის ხელმღვანელობით).
თ.ამირეჯიბი ეწეოდა ნაყოფიერ არტისტულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. კონცერტებით გამოდიოდა რუსეთში, გერმანიაში, კანადაში, პოლონეთში, იოგოსლავიაში, აშშ-ში.
განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს შოპენის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად ჩანს პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება.
მნიშვნელოვანია თენგიზ ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიაშიც-იგი არაერთი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელია.
თენგი ამირეჯიბი გარდაიცვალა 2013 წლის 9 მარტს ქ.თბილისში.