ნინო გვეტაძე

ქართველ პიანისტ ნინო გვეტაძეს შთამბეჭდავი საერთაშორისო მუსიკალური ცხოვრება აქვს. წარმატებით მართავს სოლო და კამერული მუსიკის კონცერტებს მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, მათ შორის გახლავთ ამსტერდამის კონცერტგებაუ, ლონდონის ვიგმორ ჰოლი, ტოკიოს ბუნკა-კაიკანი, მიუნჰენის ჰერკულესაალი, ციურიჰის ტონჰალე, ბერლინის კონცერტჰაუზი და სხვა მრავალი. მას დაუკრავს ისეთ წამყვან მუსიკოსებთან და დირიჟორებთან ერთად, როგორებიც არიან კლაუს მეკელე, გერგეი მადარაში, მიშელ პლასონი, იანიკ ნეზესეგანი, ლიზა ბათიაშვილი, ჟან ივ ტიბოდე, გოტიე კაპუსონი, ჯოშუა ბელი. ნინო გახლავთ უტრეხტში ლისტის საერთაშორისო კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატი და პრესის და მსმენელის პრიზის მფლობელი. 2010 წელს მას იაპონელი პიანისტის მიცუკო უშიდას ფონდის, ბორლეტი-ბუიტონის ჯილდო გადაეცა.

2018-2019 წლებში ნინო იყო ნიდერლანდების რადიო კლასიკ FM-ის სახე. იგი რეგულარულად იღებს მონაწილეობას პრესტიჟულ ფესტივალებში მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის აღსანიშნავია სპოლეტოს , ლუცერნის, Piano aux Jacobins, კუმოს კამერული ფესტივალები.

ნინო გვეტაძეს გამოშვებული აქვს 8 სოლო ალბომი. მისმა ჩანაწერებმა საერთაშორისო პრესის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ნინო თბილისში ჯერ ერონიკა თუმანიშვილის, მოგვიანებით კი ნოდარ გაბუნიას და ნანა ხუბუტიას სტუდენტი გახლდათ. 2004 წელს მან სწავლა ნიდერლანდებში განაგრძო პოლ კომენის და იან ვაინის კლასში. ნინო გვეტაძე საკონცერტო ცხოვრების პარალელურად როტერდამის კონსერვატორიის პროფესორი და ნაარდენის საფორტეპიანო და დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალების სამხატვრო ხელმძღვანელია.