თამარ ლიჩელი

თამარ ლიჩელი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ეტლინგენის საერთაშორისო კონკურსი ( გერმანია), გიოტინგენის შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (გერმანია), მარკო-პოლოს საერთაშორისო კონკურსი (საბერძნეთი), საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, საერთაშორისო კონკურსი „Ibla Grand Prize” (იტალია ), საერთაშორისო კონკურსი “Bradshaw&Buono” (აშშ ) და სხვ.

თამარ ლიჩელი აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა. კონცერტებით გამოდის როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ტაივანში, შვეიცარიაში, ინგლისში, ლიტვაში, ამერიკასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში; მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში, თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ლიანა ისაკაძე, მარინა იაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“, კენ აისო, აკიკაზუ ნაკამურა, ალექსანდრე რუდინი, იური ჟისლინი, ლავარდ ლარსენი, ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე, რევაზ ტაკიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, დავით მუქერია, დევიდ დელპინო კლინგე, ტან ლიჰუა, ჯანლუკა მარჩიანო და სხვები.

თამარ ლიჩელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გადიოდა რომის სანტა-ჩეჩილიას ნაციონალურ აკადემიაში პროფ. სერჯო პერტიკაროლისთან (იტალია) და მიუნჰენის მუსიკალურ აკადემიაში პროფ. გერჰარდ ოპიტცთან ( გერმანია).

სხვადასხვა წლებში თამარ ლიჩელი იყო თბილისის მერიის, საქართველოს პრეზიდენტის, იტალიისა და გერმანიის მთავრობის სტიპენდიანტი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ ლიჩელის წვლილი ქართული კლასიკური მუსიკის განვითარებაში. იგი ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროპაგანდისტია – არაერთი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი, რომელთა შორის აღსანიშნავია ფ. ღლონტის, რ. კემულარიასა და ვ.მაჭავარიანის კონცერტები ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ვ.აზარაშვილის საფორტეპიანო კვინტეტი, ზ. ნადარეიშვილისა და გ. ჩლაიძის საფორტეპიანო ტრიოები და მრავალი სხვა. მის რეპერტუარში დიდი ადგილი უკავია სხვა ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, მათ შორისაა ა.მიზანდარის, მ.დავითაშვილის, ს.ცინცაძის, ო. ტატიშვილისა და სხვათა საფორტეპიანო პიესები.

თამარ ლიჩელი ხშირად ატარებს მასტერ-კლასებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; არის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი.

2013 წელს თამარ ლიჩელმა გამოსცა წიგნი „თენგიზ ამირეჯიბი“, წიგნი მის პედაგოგზე – ცნობილ ქართველ პიანისტსა და პედაგოგზე.

თამარ ლიჩელი არის თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა (თბილისი,საქართველო) და თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ეროვნული კონკურსის (ბორჯომი,საქართველო) დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე „კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი.