ალექსანდრე კორსანტია

გაზეთმა “Miami Herald”-მა მას „დიდი არტისტი“ უწოდა, ხოლო “Daily Telegraph”-მა კი – „ჩუმი მეამბოხე“. ალექსანდრე კორსანტია განთქმულია „ტექნიკის სიზუსტით, მდიდარი, მრავალფეროვანი ბგერითა და დინამიური ფრაზებით“ (Baltimore Sun), „მის საფორტეპიანო ტექნიკაში სირთულეები არ არსებობს“ (Calgary Sun). მის მიერ „სურათები გამოფენიდან“ შესრულება Boston Globe-მა ასე შეაფასა – „ეს ინტერპრეტაცია ყველა სხვას გააფერმკთალებს, რაც კი აქამდე მოგისმენიათ, “Birmingham Post-ი, კი წერს – „მას საოცრად ინტენსიურად შეუძლია არსებული მომენტის წაკითხვა, ის მუდმივად ფანტასტიკის სფეროში გამყოფებს, არ აქვს მნიშვნელობა ცვალებადია ნაწარმოები თუ ერთფეროვანი“.

სიდნეის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის პირველი პრემიისა და არტურ რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის პირველი პრემიისა და ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ალექსანდრე კორსანტიას კარიერა პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებს, სახელგანთქმულ დირიჟორებსა და ცნობილ ორკესტრებს დაუკავშირდა. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან (იერუსალიმის, მეხიკოს, ცინცინატის, ოსლოს, ომაჰას, ვანკუვერის, ისრაელის სიმფონიურ და ფილარმონიულ ორკესტრებთან, იერუსალიმის კამერატასთან, საქართველოს სინფონიეტასთან და სხვ.) და სახელგანთქმულ დირიჟორებთან (ვალერი გერგიევი, ჯანანდრეა ნოზედა, პაავო იარვი). მას ხშირად იწვევენ ცნობილ ფესტივალებზე („თეთრი ღამეები“ სანქტ-პეტერბურგში, ვერბიეს, ვარშავას, სან-ფრანცისკოს, იერუსლიმის, თელ-ავივის, ნიუ-პორტის, ბოსტონის და სხვ.), თანამშრომლობს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: იური ბაშმეტი, ვადიმ რეპინი, სერგეი ნაკარიაკოვი და სხვ.

Bel Air Music და Piano Classics არის ის კომპანიები, რომლებთანაც ალექსანდრე კორსანტიას ჩანაწერები აქვს გაკეთებული, რომელთაგან აღსანიშნავია ვარიაციების კოლექცია (ბეთჰოვენი, რახმანინოვი, შოპენი, კოპლენდი).

ალექსანდრე კორსანტია თბილისში დაიბადა. მუსიკის სწავლა ადრეულ ასაკშივე დაიწყო ჯერ დედასთან, სვეტლანა კორსანტიასთან, ხოლო მოგვიანებით, ცნობილ ქართველ პროფესორ თენგიზ ამირეჯიბთან. 1992 წლიდან, ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ინდიანას უნივერსიტეტში (საუთ ბენდი) სახელგანთქმული ქართველი პიანისტის, ალექსანდრე თორაძის საფორტეპიანო სტუდიას შეუერთდა.

1999 წელს საქართველოში დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“, ხოლო 2015 წელს გახდა ქ. თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე.

ამჟამად, ალექსანდრე კორსანტია ბოსტონში ცხოვრობს და ასწავლის ნიუ ინგლანდის კონსერვატორიაში სადაც ფორტეპიანოს კათედრის წევრია. 2011 წლიდან თავის სამშობლოში არის საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ სამხატვრო ხელმძღვანელი.